17 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
„საქართველოს საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას" - ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი

ოკუპაცია, რომელიც უკვე 10 წელია გრძელდება - ეს არის მთავარი საკითხი, რომელზე მრგვალი მაგიდის გარშემო მსჯელობენ. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად, ლიეტუვადან, პოლონეთიდან ლატვიიდან და უკრაინიდან ჩამოსული ლიდერები ესწრებიან.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, 4 ქვეყანას უკვე აქვს მომზადებული განცხადება, რომელიც რუსულ აგრესიას ეხება და რომელსაც ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.

„ამ ძალიან სიმბოლურ დღეს ჩვენ აქ უნდა ვყოფილიყავით. 10 წელი გავიდა. ჩვენ ოთხი ქვეყნის ერთობლივი განცხადება მივიღეთ, რომელსაც ვიზიტის შემდეგ გამოვაქვეყნებთ. ეს არის რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 10 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ კრიზისული შედეგი ჰქონდა, რომელსაც გრძელვადიანი შედეგები აქვს. არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორია ამ დრომდე ოკუპირებული რჩება. არამედ რუსეთი მსოფლიოს მილიტარულ მიდგომას სთავაზობს. ამ ათი წლის განმავლობაში რუსეთი რეგიონების მილიტარიზებას განაგრძობს. ზრდის სამხედროების რაოდენობას. აფხაზეთში გაიზარდა სამხედრო წვრთნები რაც რეგიონში  უსაფრთხოების დესტაბილიზაციის საფუძველია. ჩვენთვის ნათელია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემდეგომ აგრესიას,“-განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია რუსეთს უპასუხოს შესაბამისი გზებით.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის ვიცე-პრემიერიც. პავლო როზენკომ ლეხ კაჩინსკის სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი პროგნოზი გამართლდა.

„არ შემიძლია არ გავიხსენო ლეხ კაჩინსკის სიტყვები. დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგი იქნება პოლონეთი. სამწუხაროდ მისი სიტყვები გამართლდა. 4 წელია უკრაინა ებრძვის რუსულ აგრესიას. ამიტომაც ჩვენ ყველამ ჩვენს პარტნიორებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან, მთელი  ცივილიზებული სამყაროდან უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა  რუსული აგრესიის წინააღმდეგ  ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა,“-განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა პავლო როზენკომ.

საქართველოს მყარი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლის დროს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ლინას ლინკიევიჩუსიმ აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარეობს ბორდერიზაცია და ეს მან ოკუპაციის ზოლთან თავად იხილა.

„საქათველოს საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი გამოწვევა როგორიც არის მიგრაცია და ტერორიზმი ცხელი წერტილები სამყაროს სხვადასხვა კუთხეში, ეს თემაც არ უნდა  გადავდოთ გვერდზე. სწორედ ამიტომ ვართ აქ. ამიტომ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა და პატივი მივაგოთ მათ ვინც დაიღუპა კონფლიქტის დროს. სიტუაცია ახლაც არ გამოსწორებულა. გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი,“-განაცხადა ლინას ლინკიევიჩუსიმ

დღის ამბები