17 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
კომუნიკე, რომელსაც ხელს 4 ქვეყნის ლიდერი აწერს - პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და უკრაინა საქართველოში რუსეთის აგრესიას გმობენ 

კომუნიკე,  რომელსაც ხელს ოთხი ქვეყნის ლიდერი აწერს - მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას საგარეო მინისტრებმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს, სადაც რუსული აგრესია დაგმობილი.

კომუნიკეში ხაზგასმულ საკითხებზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა პრესკონფერენციაზეც ისაუბრეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქათველოს სუვერენიტეტისადმი და რუსეთის ქმედებები დაგმო.

„ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი  ქმედება, რომელიც  ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ამ რეგიონში ისევ გრძელდება. ჩვენ ვხედავთ კრემლის სწრაფვას გააღვივოს კონფლიქტები, რომელიც თავადვე დაიწყო. მოსკოვის თანამედროვე პოლიტიკა წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს პოსტსაომარი უსაფრთხოებისთვის და ევროპული პოლიტიკისთვის. ის არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ღირებულებებს. საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რუსეთის პოლიტიკის ნაწილია. რუსეთის ძალადობის კამპანია, დაშინება და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა უნდა დარჩეს საერთაშორისო სტრატეგიის მუდმივი ყურადღების ცენტრში, რაც მოიცავს  სანქციების რეჟიმის შენარჩუნებას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება. სრულად შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან,“-განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

ომიდან 10 წლის შემდეგ საქართველოში მიმდინარე მცოცავი ანექსია მიუღებელია ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრისთვის.  როგორც ლინას ლინკიევიჩუსმა აღნიშნა, აგრესორი რუსეთის პოლიტიკაში არაფერი იცვლება.

„სიტუაცია, რომელიც არის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან ათი წლის შემდეგ არის   მიუღებელი. გრძელდება ოკუპაცია, ბორდერიზაცია. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. არაფერი იცვლება აგრესორის პოლიტიკაში. ჩვენ გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. ეს არის რთული და გრძელი გზა, რომელიც მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ გარდაუვალია. თქვენი არჩევანი არის ცხადი. ის რაც მოხდა ათი წლის წინ არ ყოფილა შემთხვევითი. ჩვენ გვინდა შევახსენოთ საერთაშორისო საზოგადოებას , რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რომელიც ასევე განმეორდა რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინაში,“-განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიევიჩუსმა.  

მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ედგარს რინკევიჩისის თქმით, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მუდმივად აქტუალური უნდა იყოს ყველა დონის შეხვედრაზე.

„დღევანდელი ვიზიტი არის სოლიდარობისა და მხარდაჭერის დადასტურების ვიზიტი. მრგვალი მაგიდის დისკუსიის დროს ჩვენ ვისაუბრეთ არამხოლოდ ისტორიაზე, არამედ განვიხილეთ თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი იყოს დღის წესრიგში მთავარი თემა. ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ საერთაშორისო ორგანიზაციებში და ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას. მაგრამ უნდა გვესმოდეს , რომ თუ ჩვენ უშიშროების საბჭოში, გენერალურ ასამბლეაში, ნატოში ევროპულ საბჭოში და ეუთოში ამ საკითხებს მუდმივად არ წამოვწევთ ისეთი პრობლემები , როგორიც არის ადამიანის უფლებების დარღვევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში  გაგრძელდება,“-განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩისმა.

4 ქვეყნის ლიდერი საქართველოში ომიდან 10 წლისთავზე სოლიდარობის გამოსაცხადებლად ჩამოვიდა. მათ მოინახულეს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლები. ასევე გვირგვინით შეამკეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე. 

დღის ამბები