ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეო-რგოლი მოამზადეს.
ვიდეო მიმართვაში ომის შედეგებზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საუბრობენ. მათშორის არის შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მარგოტ უოსტრომი შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო.
„დღეს აღვნიშნავთ საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრის მეათე წლისთავს. ჩვენ კვლავაც ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,“-განაცხადა მარგოტ უოსტრომა.
საქართველოში რუსულ ინტერვენციას ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. სვენ მიკსერი აცხადებს, რომ 10 წლის შემდეგაც რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე.
„უკვე ათწლეულია რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო და ჰუმანიტარულ წვდომას ბლოკავენ. და ამით კიდევ უფრო ამძიმებენ საქართველოს ამ ნაწილში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას,“-განაცხადა სვენ მიკსერიმ.