ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი პროკურატურას მოზარდის მოტყუებაში ადანაშაულებს.
ადვოკატისთვის და მშობლისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მოზარდის დაკავება მომხდარიდან 8 თვის შემდეგ. მათი ინფორმაციით, დ.ღ.-ს სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაცია არ მიუწოდებია და თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ მოზარდის დაკავება საქმის ირგვლივ საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება.
„ეს ყველაფერი, ფხაკაძემ და გუგუშვილმა საქმის პროკურორებმა, ყველაფერი დეტალებში იცოდნენ, რაზედაც მათ უთხრეს, რომ დ.ღ-ს, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეს არ იყო ღირებული და ფასეულობები, ეს საქმესთან შემხებლობაში არ იყო, ამიტომ, ამის გაცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მ.კ. იდგა, ურტყამდა თუ არ ურტყამდა თუ სემიჩკას ჭამდა, ეს არის სიტყვა-სიტყვით პროკურორების სიტყვა, რომელიც უთხრეს დ.ღ.-ს და მის კანონიერ წარმომადგენელს. იმის მაგივრად, რომ მთავარ პროკურატურას დაეყენებინა პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი. თუ დ.ღ-ს ქმედება იყო დანაშაული, მაშინ გამოდის, რომ პროკურორები არიან დანაშაულის და მფარველები, არ შეადგინეს გამოკითხვის ოქმი, არაფერი არ შეადგინეს, პირიქით, არასრულწლოვანი შეიყვანეს შეცდომაში და მოატყუეს და უთხრეს, რომ ეს არ არის ფასეული,“ - განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სუხიაშვილმა.
კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამაც.
„ალბათ დაფარეს რაღაც...მიაწოდა ბავშვმა ყველაფერი ინფორმაცია, თავიდან ბოლომდე. სასამართლომდე მიაწოდა ეს ყველაფერი, მერე სასამართლოში იგივე გაიმეორა. მერე როგორც გამოდგა, ჩემი შვილი არის დამნაშავე და ყველაფერი არის ჩემი შვილის ბრალი, რაც კი მოხდა,“ - ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის მამა.