თბილისში, რუსეთის ინტერესების სექციასთან, ამ წუთებში მავთულხლართებს ამონტაჟებენ. სამოქალაქო აქტივისტები ამ ფორმით გამოთქვამენ პროტესტს.
ჭავჭავაძის გამზირზე, იქ, სადაც რუსი დიპლომატების კაბინეტებია, ნახევარ საათში აქცია იწყება. რუსული აგრესიიდან ათი წლის თავზე რიგითი მოქალაქეები მოსკოვს საქართველოდან ჯარების გაყვანას და ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციას მოსთხოვენ.
ახალგაზრდები, რიგითი მოქალაქეები, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ მათ მკაფიო პოზიციას, რომ არ შეეგუებიან რუსულ ოკუპაციას. დღესვე, ისინი აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირებს გაიხსენებენ და მათი ფოტოებს გამოფენენ.
გარდა ამისა, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უჩვენებენ ვიდეორგოლს, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს.
„დღეს შევიკრიბებით რუსეთის საელჩოსთან, რომ დავაფიქსიროთ, ჩვენ - ქართველი ხალხი, არ ვეგუებით ოკუპაციას და გვინდა თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრება და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მაქსიმალურად ვეცდებით, მივაწვდინოთ საერთაშორისო სამეგობროს ჩვენი სათქმელი და მოვუწოდოთ, რომ დაგვეხმარონ, გვიხსნან რუსეთის აგრესიისგან,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ არველაძემ.
აქციის ორგანიზატორ, ანა ჭარხალაშვილი, ამბობს, რომ რუსეთის ოკუპაციას ახალგაზრდები აუცილებლად გააპროტესტებენ.
„არ შევეგუებით რუსების იმ უკანონო, არასამართლიან პროცესებს, რასაც ბორდერიზაცია ჰქვია და წინ აღვუდგებით ახალგაზრდები, ძალიან აქტიურად,“ - ამბობს აქციის ორგანიზატორმა, ანა ჭარხალაშვილმა.
კომენტარი გააკეთა აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა.
„ასეთი ჭრილობები მოუშუშებელი რჩება მანამ, სანამ რუსის ჯარი ცენტრალური მაგისტრალიდან 350 მეტრის დაშორებით დგას. ვფიქრობ, რომ ჩვენი აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არა მარტო საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ ჩვენს ხელისუფლებასაც დავანახოთ, რომ ჩვენ ეს პრობლემა გვაწუხებს,“ - აღნიშნა აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ.
ავტორი: თაკო სურგულაძე.