17 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
ომი ციფრებში - 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს მხრიდან 408 ადამიანი დაიღუპა

ათი წელი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან - 2008 წლის 7 აგვისტოს რუსული 58-ე არმიის ბატალიონები უკვე განლაგებულია როკის გვირაბთან და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის გადმოკვეთს იწყებს. ცხინვალის რეგიონში კი საოკუპაციო რეჟიმის კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკვე რამდენიმე კვირაა, ისვრიან ქართველების მისამართით და ბომბავენ ქართულ სოფლებს.

2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს მხრიდან 408 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

5-დღიანი კონფლიქტის შედეგად დაიჭრა სულ 2232 ადამიანი, მათ შორის 1045 სამხედრო მოსამსახურე.

2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოში დევნილების რაოდენობა კიდევ 26 ათასით გაზარდა. სულ, რუსეთის აგრესიის გამო, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს 280 055 მოქალაქე, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობის და ახალგორის რაიონის 103 სოფელს აკონტროლებდა. ომის შემდეგ ეს სოფლები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

საომარი მოქმედებები შეწყდა, მაგრამ რუსული არმია შორს არ წასულა. ოკუპაცია გრძელდება. ტანკები და ბომბები ახლა მავთულხლართებმა შეცვალა. ხელოვნური საზღვრის გავლება, ანუ ბორდერიზაცია კრემლის მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილია.

დღეისთვის საოკუპაციო ხაზის სრული სიგრძე 350 კილომეტრია. აქედან 52 კილომეტრის სიგრძეზე რუსმა სამხედროებმა ბოლო წლებში მავთულხლართები და ღობეები ააგეს.

რეკორდულად დიდი მავთულხლართი აქვთ გავლებული ოკუპანტებს ქვემო ხვითისა და ზემო ნიქოზის ტერიტორიაზე. არანაკლებ შთამბეჭდავია დვანი, თამარაშენი, ატოცის ტერიტორიაზე აშენებული 8-კილომეტრიანი ბარიერი და დიცი-ერგნეთის მონაკვეთის 5-კილომეტრიანი მავთულხლართი.

მავთულხლართების გავლების გარდა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა აქვს. აქ პრაქტიკულად ყოველდღიურად იტაცებენ ადამიანებს. 2008 წლის პირველი სექტემბრიდან 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით, ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების სულ 3 044 შემთხვევა დაფიქსირდა.

2008 წლის აგვისტოს ომი მხოლოდ სტატისტიკა არ არის. ეს კონკრეტული ადამიანების ისტორიებია, ტრაგედია, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

 

დღის ამბები