სკანდალი ხაშურის ცხოველთა თავშესაფარში - ორმოში, სადაც ლეშებს მარხავენ, ადგილობრივებმა ცოცხალი ლეკვები ნახეს.
ხაშურელი ზაზა მეხრიშვილი დარწმუნებულია, რომ ცხოველთა თავშესაფრის ადმინისტრაცია დანაშაულს ჩადის და თანამშრომლები ძაღლებს ცოცხლად მარხავენ.
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების პოპულაციის ცენტრი სავანე ხაშურის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. მისი ხელმძღვანელი, შოთა კოპაძე ლეკვების ცოცხლად დამარხვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
შოთა კოპაძემ დღეს "კურიერის" მიერ გადაღებულ კადრებს მონტაჟი უწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. უკვე გამოიკითხა თავშესაფრის ხელმძღვანელიც.
თავშესაფრის ხელმძღვანელობაში პრობლემას მცირე დაფინანსებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 63 ათასი ლარი საკმარისი არაა სტანდარტების შესაბამისი დასამარხი ორმოების მოსაწყობად.
საკითხით ხაშურის მერიის აუდიტი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სკანდალური კადრები გავრცელდა.
ძაღლების თავშესაფარსა და ხაშურის მერიაში ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, როდის მოაწყობენ შესაბამის ინფრასტრუქტურას. პერიმეტრზე თერმოიზოლაციური ორმოსთვის საჭირო თანხა მერიაში არ აქვთ.
ავტორი: იზო ჩუბინიძე.