პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აგვისტოს ომის 10 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ავლაბრის სასახლეში სტუმრებს ქვეყნის მეთაური და მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდნენ.
სიტყვით მიმართვის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის ომის დროს დაღუპული ჟურნალისტების ოჯახის წევრები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
„ის სამუშაო, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, ის ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, რომელსაც თქვენ წამოწევთ, ის დღის წესრიგი, რომელსაც თქვენ ქმნით და ის სიმართლე, რომელიც თქვენ გაგაქვთ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის ომი, რომელიც მიმდინარეობდა აგვისტოს დღეებში, იმ ომის საინფორმაციო ნაწილი მნიშვნელოვანწილად თქვენი მოგებულია. ის, რომ სამყარომ გაიგო, რომ აგვისტოს ომი, ეს იყო თავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ და ეს იყო ომი, ის, რომ იმ დღეებში კარგად მომზადებული კიბერშეტევის პარალელურად, ქართველმა ჟურნალისტებმა მოახერხეს და გაიტანეს სიმართლე, მათ შორის თავის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად, ეს არის ის გამარჯვება, რომელიც თქვენ მოუტანეთ სამშობლოს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ჟურნალისტების ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრმაც.
„ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა საგმირო საქმე ჩაიდინეს. მათ შეძლეს, ფირზე აღებეჭდათ, თუ რას წარმოადგენდა რეალურად საოკუპაციო ძალა. რა აგრესიისა და არა ადამიანური მოპყრობის მაგალითი გახლდათ ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, თითოეული ამ ადამიანის ქმედება იმ მომენტში წარმოადგენს გმირობის მაგალითს, ეს ჩემთვის გმირობის ტოლფასია. მინდა, ქედი მოვიხარო იმ სამი ჟურნალისტის წინაშე, რომლებმაც პროფესიული სამიანობის შესრულების დროს ჩაიდინეს ძალიან დიდი გმირობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი დღეს ჩვენს გვერდით არ არიან,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გარდაცვლილების ოჯახის წევრები დღეს მადლიერები იყვნენ იმის გამო, რომ მათი ოჯახის წევრების შრომა დაფასდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოეწყო ფოტო გამოფენა, რომელიც აგვისტოს ომსა და მის შედეგებს ასახავდა.