ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე კომბინირებული სწავლება გაიმართა. წვრთნაში ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. საველე საჩვენებელ სწავლებაში აშშ-ის ეროვნული გვარდიის ვერტმფრენები „შავი ქორებისა" და „დელტას" მიერ წარმოებული ქართული სამედიცინო ევაკუატორი მონაწილეობდა.
სწავლების სცენარის მიხედვით პირობითი მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ტერიტორიები იქნა გათავისუფლებული და მოხდა დაჭრილი ჯარისკაცების გამოყვანა.
„ორი კვირაა რეალისტურ სწავლებას ვატარებთ. ეს არის მრავალეროვნული წვრთნა, რომელიც მზაობისა და ურთიერთქმედების გაზრდაზეა ორიენტირებული. ოპერაციებში ჩართულია უკრაინული ძალები. ასევე ქართული ძალები მათი სპეციალური დანაყოფების ჩათვლით. სამიზნის გათავისუფლებაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის ძალებიც. მთელი ეს სწავლება 4 ქვეყნის ერთობლივ მოქმედებაზეა აგებული,“-განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ტორი ფურნიემ
წვრთნები ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე „ღირსეული პარტნიორი 2018"-ის ფარგლებში მიმდინარეობს. ეს არის მრავალეროვნული, მასშტაბური სწავლება და რომელშიც მონაწილეობას წელს ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000 -ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს. წვრთნები საქართველოში ერთ კვირაში დასრულდება.