ვარკეთილში მომხდარ სისხლიან გარჩევის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. დაპირისპირებას 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია მისი მეზობელი. ფაქტი მოკლულის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ მათ მომხდარზე არაფერი იციან. ჰყვებიან მხოლოდ იმას, რომ 2 გასროლის ხმა გაიგეს.
გიორგი ფეიქრიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილს, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელმაც მომხდარი დაინახა თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ჯერ სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ.
„პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცი შემოსული იყო ცეცხნასროლი ჭრილობით მარცხენა მხრის არეში. გამჭოლი იყო ჭრილობა. იყო ფილტვის ქსოვილი დაზიანებული, მეორე ნეკნი იყო მოტეხილი და მენჯის ძვალის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
შსს-ს ინფორმაციით სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. მისი ვინაობა ცნობილია „კურიერისთვის“ თუმცა უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვის მიზნით ამ დროისთვის მხოლოდ იმ ინფორმაციით გავრცელებაა შესაძლებელი, რომ სავარაუდო დამნაშავე წარსულში ნასამართლევი 29 წლის მამაკაცია.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.