17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის წევრები დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირების გათავისუფლების გადაწყვეტილებას უცნაურს უწოდებენ 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ხორავას ქუჩის მკვლელობაზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

დღეს გათავისუფლებული სამი პირიდან ორმა, გიორგი შაბურიშვილმა და ზაქარია წინწკარაშივლმა, საგამოძიებო კომისიასთან ახსნა-განმარტებების გაკეთება არ ისურვეს.

საგამოძიებო კომისიის წევრებისთვისაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგებარია.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძის თქმით, რა არგუმენტის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება, მისთვის უცნობია.

„ჩვენთვისაც ცოტა უცნაური იყო, როდესაც მათი დუმილის ფონზე, მათ დუმილის უფლება ჩვენთანაც აირჩიეს და მანამდე, ვიდრე არ იყო დაკითხული მ.კ, ეს გადაწყვეტილება მოსასმენად ჩემთვისაც ცოტა უცნაური იყო ნამდვილად, თუმცა, მე არ მომისმენია დეტალები, სასამართლოზე რა იყო არგუმენტები და რა გაცვალეს ერთმანეთში მხარეებმა,  რატომ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება და ამიტომ სიღრმეებში ვეღარ შევალ ნამდვილად,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების დროს გამოკვეთილ ახალ გარემოებებზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი. მისი თქმით, ახალ დეტალებზე საგამოძიებო უწყებები საქმის კურსში უკვე ჩააყენა.

„არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც გასცა საგამოძიებო კომისიამ  პარლამენტის, არსებობს კონკრეტული ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომელიც ყველა დეტალურად მიწოდებული არის შსს-სთვის და პროკურატურისთვის. ახლა მთავარი არის რამდენად დროულად და რამდენად ეფექტურად იმოქმედებს სახელმწიფოს ეს ორი სტრუქტურა, იმიტომ, რომ ყველანაირი მტკიცებულება და ყველანაირი ფაქტი არსებობს იმისა, რომ შესაძლებელია კვანძი გაიხსნას საკმაოდ დაჩქარებულ ტემპში,“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

"ევროპული საქართველო" ამ დრომდე ელოდება საგამოძიებო უწყებების გადაწყვეტილებას მათ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. პირველი რეკომენდაცია შეეხებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში. მეორე რეკომენდაციით კი საგამოძიებო კომისიის წევრები დეკანოზ შიო მენაბდის შვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას მოითხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები