გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ჭანტურიას, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ყოფილ პროკურორს გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. არსებული ინფორმაციით, ჭანტურიას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება მისი დის აუდიო ჩანაწერებია. საქმის მასალები უკვე გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მას ბრალის დადგენილება ოფიციალურად უკვე გააცნეს.
რაც შეეხება თავად გიორგი ჭანტურიას - როგორც ადვოკატმა განაცხადა, მას ჰქონდა სურვილი, რომ საქმესთან დაკავშირებით მიეწოდებინა ინფორმაცია საგამოძიებო უწყებისთვის, თუმცა, როგორც უფლებადამცველი აცხადებს, გამომძიებელმა დროის უკმარისობა დაასახელა და არ მოისმინა დაკავებული გიორგი ჭანტურიას ჩვენება.
„ამ დრომდე, ჩვენ მტკიცებულებები არ გვქონდა წარდგენილი. ახლა გადმოგვეცა მტკიცებულებები, გამომძიებელმა დაიწყო გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა, იმიტომ რომ ჩვენი სურვილი იყო, რომ დეტალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია გამოძიებისთვის, თუმცა გამომძიებელი, სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ არ დაელოდა, ფაქტიურად დაარღვია გიორგი ჭანტურიას უფლებები და ისე წავიდა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, რომ რატომღაც, ბრალდებულის პოზიცია, როგორც ბრალდებულის სტატუსიდან გამომდინარე არ იყო საინტერესო და ეს არის საინტერესო, რატომ მოიქცა ესე. ვითხოვთ, რომ დეტალურად მოხდეს გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა, იმიტომ რომ მას აქვს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე, ის არის მნიშვნელოვანი მოწმე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, აქ გარდაცვლილი ქუთათელაძე მან ნახა ერთ-ერთმა ბოლომ და მას აქვს დეტალური ინფორმაცია,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.