პრემიერის განცხადებას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით მესამე სექტორი ეხმაურება.
საუბარია მამუკა ბახტაძის განმარტებაზე, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების შემდეგ, ქვეყენაში ახალი სამართლებრივი რეალობაა.
პრემიერმა უწყებათაშორის ჯგუფს მოუწოდა, რეაბილიტაციის მიმართულებით სპეციალური პროგრამა წარადგინონ. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, მარიხუანას გავრცელება უნდა დაექვემდებაროს გონივრულ და მაქსიმალურად ყველა ინტერესზე მორგებულ შეზღუდვებს.
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" პროექტების კოორდინატორი გურამ იმნაძე ამბობს, რომ ახალ მთავარია რას გადაწყვეტს პარლამენტი. მისი თქმით, არსებობს რისკი საკანონმდებლო ორგანომ არ გაითვალისწინოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა და გარკვეული ტიპის სანქციები შეინარჩუნოს.
„ცხადია არსებობს რისკები, რომ პარლამენტმა არ გაითვალისწინოს სრულად საკონსტიტუციო სასამართლოს პათოსი და ეს იქნება დიდი პრობლემა. მაგალითად, თუ პარლამენტი კვლავაც ახალი კანონმდებლობითაც გარკვეული ტიპის სანქციებს შეინარჩუნებს მხოლოდ და მხოლოდ მარიხუანას მოხმარებაზე, ეს იქნება პრინციპში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფა. პარლამენტს ამ შემთხვევაში აქვს გამოწვევა, რომ განსაზღვროს მაგალითად ვის არ შეუძლია მარიხუანას მოხმარება, რა ვითარებაში, რა დროს და ადგილას არ შეიძლება ამ ნივთიერების მოხმარება ან მისი თრობის ქვეშ ყოფნა,“-განაცხადა გურამ იმნაძემ.
მესამე სექტორი კონკრეტული რეგულაციების მომხრეა, თუმცა არა ისეთის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პათოსი გათვალისწინებული არ იყოს.