„რეალურად, ვისთანაც ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რატომღაც გამოძიება არ ინტერესდება ამ კუთხით,“ - ეს განცხადება, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ჭანტურიას დამ გააკეთა.
მარიამ ჭანტურია დღეს, საქმის გამოძიების ფარგლებში, რუსთავის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მას მოგვიანებით გამოკითხავდნენ.
მარიამ ჭანტურია ამბობს, რომ გამოძიება არ ინტერესდება რეალურად ვისთან ჰქონდა ფინანსურ საკითხზე დაპირისპირება გენერალ სამსონ ქუთათელაძეს.
„იარაღის ტარების უფლება მას მაშინ ჰქონდა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოში მუშაობდა და როდესაც აღარ ჰქონდა ტარების უფლება, შესაბამისად, არ ატარებდა. ფინანსური დაპირისპირება, როგორც აღნიშნეს, ნამდვილად არ ჰქონია, იმიტომ რომ მათ სადაო ნამდვილად არ ჰქონდა ფინანსური, იმიტომ რომ შემხებლობაში საერთოდ არ იყვნენ ფინანსურად. რეალურად, ვისთანაც ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რატომღაც გამოძიება არ ინტერესდება ამ კუთხით,“ - განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატი, ანი კეკენაძე ამბობს, რომ გიორგი ჭანტურია თავს უდანაშაულოდ ცნობს და წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.
„ჯერ კიდევ არ გადმოუცია დაცვის მხარისთვის ბრალდების მხარეს მათ ხელთა არსებული მტკიცებულებები, რასთან დაკავშირებითაც მე უკვე მივმართე სახალხო დამცველს, ვინაიდან, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რამდენადაც გამომძიებელმა დამანახა, საქმის მასალები არის საკმაოდ ბევრი. მოიცავს არა ერთ გვერდს და არის დაახლოებით ასობით ფურცელი, რომელსაც სჭირდება გაცნობა. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება, სავარაუდოდ, ან დღეს ან ხვალ გაიმართება. ამისათვის დაცვის მხარეს სჭირდება დრო და მომზადება. გაცნობა მტკიცებულებების, თუმცა აღნიშნულის უფლებას და საშუალებას, საგამოძიებო უწყება გვართმევს. რა თქმა უნდა, გიორგი ჭანტურია უდანაშაულოდ ცნობს აღნიშნულ ბრალში თავს და არ ეთანხმება იმ შეთითხნილ ბრალდებას, რასაც საგამოძიებო უწყება მიზანმიმართულად ავრცელებს,“ - განაცხადა ანი კეკენაძემ.