აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კვარიათში სტიქიით დაზარალებული ოჯახი მოინახულა.
თორნიკე რიჟვაძე სოფელ კვარიათის ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად დაზარალებულ ნარაკიძეების ოჯახს ესტუმრა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მიწის დიდი მასა კვარიათში საცხოვრებელ სახლთან დღეს დილით ძლიერი წვიმის შემდეგ ჩამოწვა. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც.
მისი თქმით, დაზარალებული ოჯახის წევრები დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში არიან გადაყვანილნი, ტერიტორიას კი ხვალიდან გეოლოგები შეისწავლიან.
"დღის ბოლოსთვის მთლიანად მოწესრიგდება ის უბნები, სადაც გვქონდა უხვი ნალექი. მოვინახულეთ ოჯახი, რომელიც გაყვანილია უკვე უსაფრთხო ადგილას. მეწყერსაშიში პროცესები გააქტიურდა დღეს. გეოლოგთა ჯგუფი არის უკვე გამოსული და ძალიან მალე გვეცოდინება გეოლოგების შეფასება ამ კონკრეტულ უბანთან დაკავშირებით,"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი რამდენიმე სახლი დაათვალიერა, სადაც მერიის სამსახურების მიერ წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ჩატარდა.