საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მოხსნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასწორი შეფასება კეთდება, როდესაც საუბრობენ მარიხუანას „ლეგალიზაციაზე“.
„გავრცელებულ ინფორმაციაში აქცენტი კეთდება ფაქტზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის „ლეგალიზაცია“. აღნიშნული შეფასება შორს დგას სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსთან და წარმოადგენს მის არასწორ განმარტებას.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის მოხმარებისათვის, თუ მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეებს მესამე პირებს. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაშივე აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება ზეწოლის შედეგად არ მიუღიათ და ეს მარიხუანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გაგრძელებას წარმოადგენს.
ადმინისტრაციული სარჩელის გაუქმებასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში, პოლიტიკურ წრეებსა და რელიგიურ ორგანიზაციებში გავრცელებული ინფორმაცია, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლების მტკიცებით, „სასამართლოს წარმოაჩენს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარედ, ამცირებს მისდამი ნდობას, ეჭვქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას და იწვევს მისი თითოეული წევრის დისკრედიტაციას."