წაღებული ხიდები, დაზიანებული გზები და დაზარალებული 250-მდე ოჯახია - საქართველოს სხვა რეგიონებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ლაგოდეხში, გურგენიანის ჩანჩქერზე ჩარჩენილი სამი ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ სახლში დაბრუნდა. ნაკრძალში შესული ადგილობრივები ადიდებული მდინარის პირას მიუდგომელ ადგილზე უკვე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ამინდის გაუარესების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები შეფერხებულია თუშეთში, სადაც გადაუღებელი წვიმის შედეგად აბანოს უღელტეხილზე კლდე ჩამოიშალა. რეგიონთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩახერგილია. ადიდდა ტბაც, რომელიც უღელტეხილზე შარშან ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ გაჩნდა. წყალმა გზის სავალი ნაწილი სრულად დაფარა.
საკუთარ სახლებს უკვე დაუბრუნდა 10-მდე ოჯახი, რომელთა ევაკუაცია გუშინ, გვიან ღამით, აბაშისწყლის ადიდების გამო მოხდა.
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან, ამ დროის მონაცემებით, სულ 130-მდე ოჯახი დაზარალდა. მოსახლეობა დახმარებას და ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს.
სტიქიის შედეგებს სპეციალური კომისია ითვლის აჭარაშიც, სადაც წინასწარი ინფორმაციით, წყალდიდობამ 100-ზე მეტი ოჯახი დააზარალა.
უამინდობა საქართველოს მასშტაბით კიდევ ერთი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი.
ავტორი: ემა გოგოხია, თეა ვაშალომიძე.