17 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
სადავო მცირეწლოვანი - სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად სოციალური სააგენტო მრავალშვილიან დედას შვილს არ უბრუნებს

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 7 წლის ბავშვის დედის ოჯახში დაბრუნებასთან დაკავშირებით, სოციალურ სააგენტოს სისრულეში არ მოჰყავს.

34 წლის ქალის, მაია ლეკიაშვილის მტკიცებით, მისი უფროსი ვაჟი ყოველდღიურად მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა და ძალადობის მსხვერპლია.

ყოფილი ქმრის ოჯახი სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ბავშვს საცხოვრებლად დედის მისამართზე არ აბრუნებს. ლეკიაშვილს ყოფილ მეუღლესთან სამი ვაჟი ჰყავს, ახალ ოჯახში კი მეოთხე შვილს ელოდება.

მაია ლეკიაშვილის თქმით, ყოფილი დედამთილი ბავშვს მისი ყოფილი ქმრის შესაკავებლად იყენებს, რომელსაც ნერვული აშლილობა აქვს. მშობლებს ის ხშირად ფიზიკურადაც უსწორდება.

სწორედ ამის გამო ლეკიაშვილი თვლის, რომ მცირეწლოვნის ბავშვის მამასთან ცხოვრება დაუშვებელია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კი სოციალურ სააგენტოს აღსრულებაში არ მოჰყავს.

სოციალურ სააგენტოში ლეკიაშვილის ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობენ. სოციალური მუშაკი დედას ადანაშაულებს, რომ ის პროცედურების გვერდის ავლით მოქმედებს.

ლეკიაშვილის ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ გოჩა მეტრეველს ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად აქვს, თუმცა მათი თქმით, ეს ბავშვის აღზრდაში ხელს არ უშლით.

მაია ლეკიაშვილს უსახსრობის გამო ამ დრომდე არ ჰყავს უფლებადამცველი, რომელიც ბავშვის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.

მრავალშვილიანი დედა სოციალური მუშაკების აცილებას ითხოვს და ჯანდაცვის უწყებას საჩივრით მიმართავს.

დღის ამბები