17 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
დაცლილი სოფლები, სიღარიბე, უმუშევრობა და ინფრასტრუქტურული პრობლემები - გრიგოლ ვაშაძე რაჭის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად, დღეს რაჭის მოსახლეობას შეხვდა.

რაჭაში ვიზიტი, გრიგოლ ვაშაძემ, ამბროლაურის აგრარული ბაზრიდან დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატი გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, ადგილობრივ გლეხებს შეხვდა. შრომის რთული პირობები, ლარის გაუფასურების გამო გაზრდილი კრედიტები და ხელისუფლების უყურადღებობა იყო მთავარი პრობლემები, რაც პოლიტიკოსებმა ბაზარში მოისმინეს. გრიგოლ ვაშაძე ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევას დაჰპირდა, რისთვისაც მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას კონკრეტული გეგმა აქვს.

უმუშევრობა, გაჩერებული პროექტები და გაზმომარაგების არარსებობა იყო საუბრის მთავარი საკითხი სოფელ ბუგეულში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე ადგილობრივებს შეხვდნენ.

რაჭველებთან შეხვედრის ბოლო ადგილი სოფელი ხვანჭკარა იყო. ადგილობრივები აქაც წუხან იმის გამო, რომ მთიანი რეგიონი მოსახლეობისგან იცლება. მთავარ პრობლემებად კი მათ გაზიფიცირება, დიდი რაოდენობით შეშის ჭრა, უმუშევრობა და ხელისუფლების უყურადღებობა დაასახელეს.

გრიგოლ ვაშაძემ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერებთან ერთად, რაჭაში შეხვედრებს ხვალაც გააგრძელებს და ონის რაიონს ეწვევა.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

დღის ამბები