ნინოწმინდაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები. "კურიერმა" შემთხვევის ადგილზე, ინციდენტიდან რამდენიმე წუთში გადაღებული ფოტომასალა მოიპოვა. ფოტოები სწორედ იმ ადგილზეა გადაღებული, სადაც 2 ადამიანი მოკლეს.
გამოძიების ინფორმაციით, სოფელ სათხაში მასპინძელმა სტუმრები მოკლა, თუმცა მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ.
გარეგინ მედელიანის ოჯახის წევრები "კურიერთან" ყვებიან, რომ მათ ოჯახში მყოფმა სტუმრებმა, თავდაპირველად ჩხუბი ერთმანეთში დაიწყეს. გარეგინ მენდელიანის და განმარტავს, რომ თავიდან აგრესია ოჯახის მასპინძლის მისამართით იყო მიმართული, რომელსაც სტუმრებმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. მოგვიანებით, თავდაცვის მიზნით, გარეგინ მედელიანმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა ვერ შეძლო, ამიტომ ერთი სტუმარი დაჭრა.
კატია მენდელიანი ამბობს, რომ მისი ძმა მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობას აღიარებს.
„სტუმრებმა დაუწყეს ჩხუბი, ჩემ ძმას მიაყენეს შეურაცხყოფა. გარეგინს დანის წართმევა უნდოდა ერთ-ერთისთვის, მაგრამ ვერ მოახერხა. ამ სტუმარმა ჯოხი ჩაარტყა ჩემს ძმას თავში. გაქცევა უნდოდა მაგრამ ვერ მოახერხა. მერე დანა ჩაარტყა ერთ-ერთს და მეორე ვინ მოკლა, არაფერი ვიცი. შეიძლება ჩხუბის დროს ერთმანეთი დაჭრეს და შემდეგ მოკვდა,“ - განაცხადა კატია მენდელიანმა.
„კურიერის“ ინფორმაციით, გარდაცვლილები რეგიონში სამუშაოდ იმყოფებოდნენ.