ვიზეარის რეისის მგზავრთა ნაწილი, რომელიც მილანიდან ქუთაისის მიმართულებით გუშინ უნდა ჩამოფრენილიყო, ამ დრომდე იტალიაშია. ისინი შეფერხების მიზეზად მილანის აეროპორტში ხელოვნურად გაჭიანურებულ რეგისტრაციის პროცესს ასახელებენ.
მომხდარის გამო, 20-ზე მეტ ადამიანს ღამის გათენება აეროპორტში მოუწიათ.
ვიდეომასალა მგზავრებმა მოგვაწოდეს. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. მგზავრები საქართველოს საკონსულოს მხრიდან უყურადღებობაზეც საუბრობენ. მილანიდან თბილისში ჩამოფრენას ისინი სავარაუდოდ, ხვალ შეძლებენ.
„იყო ძალიან დიდი რიგები და ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად როგორც იქნა მოვახერხეთ, ასე ვთქვათ დიდი ომის შედეგად გეითამდე მისვლა, მაგრამ გეითთან მისულებს თვითმფრინავი აღარ დაგვხვდა. პასუხი გაგვცეს ასეთი, რომ ჩვენი მიზეზით მოხდა დაგვიანება. ასეთ მდგომარეობაში ვიყავით 18 მგზავრი, მაგრამ მერე როგორც აგვიხსნეს, შეიძლებოდა კიდევ ყოფილიყვნენ სხვებიც, რომლებიც გეითამდე აღარც კი შემოუშვეს, იმიტომ რომ რეალურად თვითმფრინავი აღარ იყო. დავრჩით, ასე ვთქვათ ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე აეროპორტში. მივმართეთ საქართველოს საკონსულოს. საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდ არ გვპასუხობდა. საკონსულოს, რომში, როგორც იქნა დავურეკეთ და გაგცეს ასეთი პასუხი, რომ ჩვენ ვერ დავუკავშირდებით, ვერ აღმოგიჩენთ ვერანაირ დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, რომ ვიყავი სამი არასრულწლოვანი ბავშვით მარტო. გაათენე ღამე, მე ვერ დაგეხმარები, ან იყიდე ბილეთი და წახვალ. ეს იყო პასუხი მაგათგან,“ - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი ნინო კიკაძე.