ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობაში დადანაშაულებულ გარეგინ მედელიანს ბრალი დაუმძიმდა. მას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ.
ადგილობრივების თქმით, მედელიანი და მისი სტუმრები კონფლიქტური პიროვნებები არ იყვნენ და რა მოხდა, არ იციან.
ნინოწმინდაში ამბობენ, დაკავებულმა ერთის მკვლელობა აღიარა, თუმცა, ორი პირია მოკლული.
სოფელ სათხაში მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მასპინძელმა სტუმრები მოკლა.
სასიკვდილო ჭრილობები ორ მამაკაცს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. თუმცა, მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ.
ისინი აცხადებენ, რომ დაპირისპირება თავდაპირველად სუფრასთან მყოფ მამაკაცებს შორის დაიწყო და გარეგინ მედელიანი მათ გაშველებას ცდილობდა.