ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენიებს. მეუფე იაკობის თქმით, ამ „დაჯგუფების“ უკან ერთ-ერთი ბიზნესმენი დგას.
მეუფე იაკობი იმასაც აცხადებს, რომ აღნიშნული ჯგუფი მამა კახაბერ გოგოტიშვილის დაშანტაჟებას ცდილობდა.
მისივე ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე იძულებული იყო რუსეთიდან გამოქცეულიყო და მისთვის გაუგებარია, რატომ შეიფარა ის ქართულმა ეკლესიამ.
„ამდენი ხანი არ იციან ავაზაკობა იმისი? თუნდაც ავიღოთ რუსეთის ეკლესიის წევრი იყო, იმათი ეკლესიის მღვდელმსახური იყო მამალაძე. მანქანა რომ დაუწვეს, ცოცხალმა, რომ ძლივს გამოასწრო და ჩვენმა ეკლესიამ რატომ შეიფარა, ჩემთვის დღესაც გაუგებარია, იმ ავაზაკს რატომ იცავენ? დაუსვან მეუფე პეტრეს კითხვას, იცის თუ არა ეგ საკითხი და რატომ იცავს მერე? თურმე მე ვყოფილვარ სირცხვილი და 2013 წლის 17 მაისის გამო მე ვყოფილვარ ერის სირცხვილი,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
დღევანდელ ქადაგებაში მეუფე დეკანოზ მამალაძის ადვოკატების მიერ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვასაც გამოეხმაურა.
მეუფე ამბობს, რომ ის შეწყალების წინააღმდეგი არ არის, თუმცა კვლავ აცხადებს, რომ დეკანოზს პატრიარქის მოცილება უნდოდა.
„არ გეგონოთ, რომ მე შეწყალების მოწინააღმდეგე ვარ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა და მან უნდა გადაწყვიტოს შეიწყალოს თუ არა და მე ამაში ვერ ჩავერევი. ვისაც პატრიარქის მოცილება უნდა და იმას კაცად აცხადებენ, თავიდანვე რომ კაცი არ არის, როგორ უნდა იყოს ან მღვდელი ან ვინმე. დაგვაცადონ, ჩავატარებთ სინოდს და ყველა ვნახავთ, ვინ არის მტერი ეკლესიის, ვინ არის ჩვენი სამშობლოს მტერი და ვინ მოყვარე. გამოუშვან, მაგაზე პირადად მე არაფერი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ, რასაც ვითმენდით, სანამ ციხეში იყო და როგორც მლანძღავდნენ, თითქოს მე დავაჭერინე, მე შევუკვეთე ციანიდი? მაგათ რა ჰგონიათ, არ ვიტყვი, რას აპირებდნენ და რას არ აპირებდნენ?“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.