17 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
დახოცილი პირუტყვი, დატბორილი სახლები და განადგურებულია ნათესები - უხვმა ნალექმა სამეგრელო კიდევ ერთხელ დააზარალა

უხვმა ნალექმა სამეგრელო კიდევ ერთხელ დააზარალა. დახოცილია პირუტყვი, დატბორილია სახლები და განადგურებულია ნათესები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ანაკლიის თემის სოფელ თიქორში, სადაც 10-ზე მეტი ოჯახი გარე სამყაროს თითქმის მოწყვეტილია.

ათეულობით მოსახლე ანაკლიაში თიქორის დასახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ადიდებულმა მდინარემ დასახლებასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი დღეს დილით წაიღო. სოფელში ვერც საკვები შეაქვთ და ვერც სასწრაფოს მანქანები შედიან.

წყალდიდობამ ანაკლიაში დაახლოებით 13 ოჯახი დააზარალა. სახლების დატბორვის გარდა, განადგურებულია ნათესები, დახოცილია შინაური პირუტყვი. მომხდარის მიზეზად ადგილობრივები პორტის არასწორად დაგეგმილ მშენებლობას ასახელებენ.

სტიქიამ და ძლიერმა შტორმმა ანაკლიაში სანაპირო ზოლიც დააზიანა. წაღებულია გზა და განადგურებულია ინფრასტრუქტურა. წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებშიც შეუვარდა. ხალხი ჩივის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მათ არაერთხელ მოსთხოვეს სანიაღვრე არხების გაწმენდა.

ანაკლიაში წყალდიდობისგან დატბორილ სახლებში ამოსატუმბი სამუშაოები დაგვიანებით დაიწყეს. ზუგდიდის მერიის წარმომადგენლების განმარტებით, წყლის დონის დაწევამდე პროცესი უშედეგო იქნებოდა. მოგვიანებით აქ სპეციალურმა ტექნიკამ დამატებითი არხების გაჭრაც დაიწყო.

ავტორი: ემა გოგოხია. 

დღის ამბები