17 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
დანგრეული საბავშვო ბაღი, მოუწესრიგებელი კანალიზაცია - რწმუნებულის გარეშე დარჩენილი სენაკის 14 სოფელი 

სენაკის ცენტრში, დევნილთა დასახლებაში ხალხი კორპუსის შემოღობვას ითხოვს. ადგილობრივებს უკვე წლებია ქუჩის ძაღლები და შინაური ცხოველები აწუხებთ. მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემაც. გამგეობაში განცხადება რამდენჯერმე დაწერეს, თუმცა უშედეგოდ. ქალაქს უკვე შვიდი თვეა რწმუნებული არ ყავს და პასუხის გამცემი არავინ არის.

რამდენიმე თვეა რწმუნებულები არ ჰყავს სენაკის მუნიციპალიტეტის 14 სოფელს. ლეძაძამეში წლებია საბავშვო ბაღის შენობა დანგრეულია, ხალხი აღდგენას ითხოვს, თუმცა იმის გამო რომ რწმუნებული არ ჰყავთ, ეს პრობლემა ვერ გვარდება.

ოპოზიცია ამბობს, რომ რწმუნებულები რაიონში მმართველ პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირების გამო ვერ ინიშნებიან. კლანებს შორის ომს კი მოსახლეობის ინტერესები ეწირება.

სენაკის მერი დაპირისპირებას გამორიცხავს. ლევან კუპრეიშვილის განმარტებით, სოფლის რწმუნებულებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, მიმდინარე რეორგანიზაციის გამო კი ვაკანსიის გამოცხადება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ავტორი: თამთა ჯიქია, ემა გოგოხია. 

დღის ამბები