17 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ეკონომიკური კატასტროფის წინაშე მყოფი გურია - ფაროსანამ გურიის სოფლებს სერიოზული ზარალი მიაყენა

ეკონომიკური კატასტროფის წინაშე მყოფი გურია - თხილი, რომელიც ადგილობრივების ერთადერთი შემოსავლის წყაროა, თითქმის მთლიანად განადგურებულია.

მოსავლის 80% ან უკვე დამპალია ან მავნებელი მწერის მიერაა შეჭმული. ფაროსანამ გურიის სოფლებს სერიოზული ზარალი მიაყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს თხილს სავარაუდოდ ვეღარ მოკრეფენ, რადგან მოსავალი ხარჯის მინიმალურ ოდენობასაც ვერ დაფარავს.

გლეხები მთავრობისაგან კომპენსაციებს ითხოვენ, თუკი სახელმწიფო მათ მცირედი თანხით მაინც არ დაეხმარება, გურიაში ზამთარში შიმშილობა გარდაუვალი იქნება. თხილის გარდა, სხვა ერთ წლიანი კულტურებიც განადგურებულია, გლეხები ამბობენ რომ ბოსტნები ფაროსანას საწინააღმდეგო წამალმა გაახმო.

მოსახლეობამ დახმარების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. ასკანელები მუნიციპალიტეტში მიიღეს, მოუსმინეს, თუმცა პასუხის და დახმარების გარეშე გაისტუმრეს.

მიიღებენ თუ არა გურული გლეხები კომპენსაციას მთავრობისგან უცნობია. ამ საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან ზარალის ოდენობა იმდენად დიდია, რომ ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გარეშე, მას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გაწვდება.

ავტორი: ლადო მენაბდე. 

დღის ამბები