საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა - ოპოზიცია ცესკო-ს არჩევნების გაყალბების სამზადისში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ წუთებში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან და არსებულ ვითარებას აცნობენ.
მათი მტკიცებით, ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიას არა კვალიფიკაციის, არამედ „ქართული ოცნების“ და სუს-ის წარმომადგენელთა ახლობლებით აკომპლექტებს.
გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს, გაუქმდეს უკვე ჩატარებული კონკურსის შედეგები და ახალი, ნეიტრალური და დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა მოხდეს.
"ახალი საქართველოს” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 73-დან 63 საარჩევნო ოლქში დანიშნულები არიან "ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათი ოჯახის წევრები და ასევე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.
„აქ ერთობლივი უნდა იყოს ყველას განცხადება, იმიტომ რომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ მეუღლეებს ნიშნავდნენ, წარმოიდგინეთ მეუღლეების გარეთაც კი არ გადიან, ანუ აღარავის აღარ ენდობიან და ისეთ მანქანას აწყობენ, რომ მხოლოდ თავის ოჯახის უშუალო წევრს ნიშნავენ ამ სისტემაში. ამის უკვე არა ერთი ფაქტია. 73 ოლქიდან 63 პირდაპირ ამ პრინციპით არის დაკომპლექტებული და ჩვენ სწორედ ამაზე გვაქვს რეაგირება და ამას გავაცნობთ აბსოლუტურად ყველას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. გამოაცხადონ კონკურსი ხელახლა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლას გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაცია.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის დონეზე, საარჩევნო კოდექსი პირდაპირ საუბრობს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი წევრები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მათ მიერ წარდგენილი თუ არჩეული კომისიის წევრებისაგან თუ საარჩევნო სუბიექტებისაგან და ისინი თავიანთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორედ კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნეიტრალურად უნდა მოქმედებდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ ეს საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები გადაწყვეტილების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციებში იყვნენ ნეიტრალურები და კანონმდებლობიდან გამომდინარე მოქმედებდნენ,“ - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.