17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ჩემი მისამართით არ ყოფილა შანტაჟის მომენტები - მამა კახაბერი მეუფე იაკობის ქადაგებას ეხმაურება

დეკანოზი, მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, მამა კახაბერი (გოგოტიშვილი) მეუფე იაკობის იმ ქადაგებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის უკან დაჯგუფება დგას და ისინი მამა კახაბერის დაშანტაჟებას ცდილობდნენ.

მამა კახაბერი ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მისი მისამართით შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. 

სასულიერო პირის განცხადებით, ის არაერთხელ შეხვდა მსჯავრდებულ დეკანოზს და მას შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა. მამა კახაბერის თქმით, არსებობს საკითხები, რომელმაც შესაძლოა კონკრეტული პირები დააზარალოს. ამიტომ სასულიერო პირი აცხადებს, რომ კონსულტაციებს გაივლის საპატრიარქოში და ნებართვის არსებობის შემთხვევაში ყველაფერზე ისაუბრებს.

„შევდიოდი მამა გიორგისთან ციხეში, ვნახულობდი, არაერთგზის ვიყავი შესული.. ჩემი მხრიდან რაღაც განცხადებების გაკეთება, მაშინაც ვცდილობდი, არის რაღაც შიდა საეკლესიო საკითხები, არის რაღაც ისეთი საკითხები, რომელმაც შეიძლება კერძო, კონკრეტული პიროვნება დააზარალოს, საბოლოო ჯამში, ეკლესია დააზარალოს. ვფიქრობ, რომ ამიტომ, თავს შევიკავებ და როცა ჩამოვალ საქართველოში, გავივლი კონსულტაციებს უწმინდესთან, სინოდის წევრებთან, ვისთანაც საჭირო იქნება. თუ იქ სათქმელი იქნება რაიმე და მეტყვიან, რომ ეს უნდა მოყვე, ეს არ უნდა მოყვე, იმიტომ, რომ ეკლესიაში ასეთი წესია და მე ვცდილობ, შევასრულო ეს წესი,“ - განაცხადა მამა კახაბერმა.

მამა კახაბერი ერთ-ერთი სასულიერო პირია, რომელიც საკმაოდ ხშირად იმყოფებოდა მამა გიორგი მამალაძის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ქადაგებაში „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები