თბილისში, მშობიარე ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ, ღუდუშაურის საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ 35 წლის ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, მას 4 ლიტრი სისხლი ჰქონდა დაკარგული.
ექიმის თქმით, ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე. საავადმყოფოში განმარტავენ, რომ 4 ლიტრამდე სისხლი დაღვრილი იყო უკვე მუცლის ღრუში და საოპერაციოში აყვანის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
„შემოსვლისას დაისვა დიაგნოზი, ფარული სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი. შემოსვლიდან 8 წუთში პაციენტი აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩატარდა ოპერაცია. ინტრაოპერაციულად აღმოჩნდა მუცლის ღრუში სისხლი, დაახლოებით, 4 ლიტრამდე. საშვილოსნოს გახევა, მშობიარობის შედეგად გამოწვეული. ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მასიური სისხლის დანაკარგის გამო, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, პაციენტი გარდაიცვალა,“ - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიმღები და გადაუდებელი ცენტრის უფროსმა, თათა ქაჩიბაიამ.
ღუდუშაურის კლინიკაში 35 წლის ქალი სამშობიარო სახლ "ნინოდან" გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ქალს სისხლდენა მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ დაეწყო.
გარდაცვლილი ქალის ახლობლები სამშობიაროს ადმინისტრაციას და ექიმებს უყურადღებობაში და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
სამშობიარო სახლში არსებული მდგომარეობით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დაინტერესდა. სააგენტო სასამართლოს სამშობიარო სახლში „ნინო“ შესვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, ნინო ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც გამოითხოვონ და საბოლოო შეფასება ამის შემდეგ გამოიტანონ.
„მივმართავთ სასამართლოს და სასამართლოს ბრძანების მირების შემდეგ უკვე ადგილზე, სამედიცინო დაწესებულებაში დავიწყებთ ჩვენ საკითხის შესწავლას. ამის შემდეგ საჭიროების მიხედვით, ჩართული იქნებიან განხილვაში კლინიკური შეფასებისთვის შესაბამისი დარგის სპეციალისტები. ჩვენ საკითხების შესწავლას ვახორციელებთ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ ჩანაწერებზე დაყრდნობით. სავარაუდოდ, აქ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც იქნება მნიშვნელოვანი, ალბათ, იმ დასკვნასაც აუცილებლად გამოვითხოვთ და საბოლოოდ, მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ნინო ხუციშვილმა.
მომხდარზე დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: თაკო სურგულაძე.