პატრიარქის ქორეპისკოპოსის ბრალდებებს და გაფრთხილებებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პასუხობენ. როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, მეუფეს იაკობს პირადი ანგარება ამოძრავებს.
თორნიკე მამალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროს დატოვებს, ყველა იმ ინფორმაციაზე ისაუბრებს, რომელიც მას მეუფე იაკობის შესახებ გააჩნია.
„ჩემი ძმა გამოსვლისთანავე დაიწყებს იმ თემებზე საუბარს, რის გამოც, ასე რომ ვთქვათ, ციხეში ზის და რაც მეუფე იაკობზე დასაბუთებული ინფორმაციები აქვს. აქედან გამომდინარე, ის არის შეშინებული. იყენებს ამბიონს ბოროტი განზრახვებით. ამბიონი არის საქადაგებელი, რომ ადამიანი ეკლესიაში მიიყვანო და მეუფე იაკობი საპირისპიროს აკეთებს და ამაზე ჩემი აზრით, კიდევ ვიმეორებ, წმინდა სინოდმა პასუხი უნდა მოსთხოვოს,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მამა გიორგი მამალაძის ძმა, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ დეკანოზი რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი იყო.
მეუფე იაკობი აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე იძულებული იყო რუსეთიდან გამოქცეულიყო და მისთვის გაუგებარია, რატომ შეიფარა ის ქართულმა ეკლესიამ. მეუფე იაკობის თქმითვე, დეკანოზ მამალაძეს ავტომობილიც დაუწვეს.
„მანქანის დაწვასთან დაკავშირებით, მანქანა ნამდვილად დამწვარია, მაგრამ გამოძიებამ ვერ დაადგინა ეს თვითონ მანქანის ელექტროსადენებიდან გამომდინარე იყო თუ ვინმემ დაწვა. ეს დასაბუთებული არ არის, ვერც ვერაფერი ვერ ნახეს, რომ დანამდვილებით ეთქვათ, რომ ვიღაცას დამწვარი აქვს. ჩემი ძმა, როგორც მეუფე იაკობმა თქვა ძლივს გადაურჩაო, ჩემი ძმა მანქანაში საერთოდ არ იყო,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
შეგახსენებთ, საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მამა გიორგი მამალაძე "ავაზაკად" და "დაჯგუფების წევრად მოიხსენია".