რუსეთის ვიზებთან დაკავშირებით გამოვლენილი სავარაუდო კორუფციის ფაქტებს, ოფიციალური მოსკოვი ე.წ. ადგილობრივ კრიმინალურ ელემენტებს უკავშირებს. განცხადება რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. საკითხი, რომელზეც ჟურნალისტური გამოძიება "რუსთავი 2"-მა ჩაატარა, გრიგორი კარასინმა რუსეთში შვეიცარიის ელჩთან შეხვედრაზე განიხილა.
გრიგორი კარასინმა შვეიცარიელ დიპლომატს საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის გარშემო ვითარების გაუარესებაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ პრობლემა ადგილობრივი კრიმინალური ელემენტების ქმედებებმა შექმნა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუსული ვიზების მაღალი მოთხოვნით სარგებლობენ.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიული მხარე შეეცდება გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ მიზნით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წესრიგი დაამყაროს.
ამას გარდა, შეხვედრაზე, რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედების საკითხიც განიხილებოდა.