35 წლის ქალი სამშობიარო სახლში „ნინო“ მშობიარობიდან რამდენიმე საათში ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
ახალგაზრდა ქალს, საკეისრო კვეთის თავიდან ასაცილებლად, ნაადრევი მშობიარობა ექიმებმა ურჩიეს და ამისთვის სპეციალური პრეპარატი მიაღებინეს. მშობიარობისთანავე მისი მდგომარეობა გაუარესდა. სისხლდენა დაეწყო და წნევა დაუვარდა.
ახალგაზრდა ქალი ღუდუშაურის საავადმყოფოში, დამძიმების შემდეგ, ღამის პირველ საათზე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
გარდაცვლილის მშობლები სამშობიარო სახლ „ნინოს“ ადმინისტრაციასა და ექიმებს უპასუხისმგებლობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ და მათ დასჯას ითხოვენ.
სამშობიარო სახლის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდნენ. ბრალდებებს უპასუხეს ღუდუშაურის საავადმყოფოში, სადაც აღნიშნეს, რომ შეყვანის დროს 35 წლის ქალს მუცლის ღრუში 4 ლიტრამდე სისხლი ჰქონდა ჩაღვრილი.
35 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტის შესწავლაში უკვე ჩაერთო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
სამშობიარო სახლ „ნინოს,“ სადაც 35 წლის მშობიარე გარდაიცვალა, ჯანდაცვის სამინისტრომ დონის მინიჭებაზე უარი რამდენჯერმე უთხრა. თუმცა 2017 წლის პირველ დეკემბერს მას მეორე დონე მიენიჭა, რაც პირობების გაუმჯობესებას და მაღალი დონის სამეანო მოვლას გულისხმობს.
სამშობიარო სახლი „ნინოს“ მიმართ პაციენტების პრეტენზია პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე კვირის წინ „კურიერმა“ რეპორტაჟი სოფიო კლერტიაშვილის შესახებ მოამზადა, რომელსაც ამავე სამშობიაროში, საკეისრო კვეთის დროს 50 სანტიმეტრიანი მარლის ტამპონი ჩაუტოვეს და პაციენტმა ეს ოპერაციიდან 40 დღის შემდეგ გაიგო. ექიმის შეცდომის გამო, გოგონას შინაგანი ორგანოები დაუჩირქდა.
35 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, როგორც სამშობიაროს ხელმძღვანელი ნინო კაკულია, ასევე გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
ავტორი: თაკო სურგულაძე.