17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
გაფლანგული ასი ათასობით ლარი - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს. ამოღებულია დოკუმენტაცია და სწავლობენ ტენდერებს.

თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის უფროსი, მარინა მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ მოქმედმა რექტორმა გოგი მარგველაშვილმა და მისმა ორმა მფარველმა, მანანა ბერიკაშვილმა და ნუკრი ქანთარიამ, უნივერისტეტის კუთვნილი თანხები მიითვისეს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერზე საუბრობენ, როდესაც გამარჯვებულად კომპანია „ხურო“ დასახელდა, რომელსაც შენობის რემონტისთვის 2 მილიონი ლარი უნდა მიეღო. ამ კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმეს იმის მიუხედავად, რომ ყადაღა ედო და სამუშაოების წარმოების უფლება საერთოდ არ ჰქონდა. „ხურომ“ სამუშაოები არ შეასრულა.

უნივერსიტეტმა ტენდერი მეორედ გამოაცხადა და გამარჯვებულ კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ ხელშეკრულებაც გაუფორმა, ამ კომპანიამაც სამუშაოები მიატოვა, თუმცა, თანხის ნაწილი წინასწარ ჰქონდა აღებული.

საბოლოოდ, უნივერსიტეტის რექტორატმა ხელშეკრულება სახელწიფო სამშენებლო კომპანიასთან დადო და რემონტისათვის თანხა გაზარდა და 2 მილიონ ხუთასი ათას ლარზე გაუფორმა.

უნივერსიტეტის ყოფილ პროფესორს ეჭვი აქვს, რომ შენობაში სამწლიანი რემონტის დროს ასი ათასობით ლარი გაიფლანგა და თანხის ნაწილი რექტორის ჯიბეში წავიდა.

მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი მარინა მიქაუტაძის მიერ კორუფციაში დადანაშაულებას აბსურდულს უწოდებს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ნეპოტიზმზე, კანონდარღვევასა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ.

საინიციატივო ჯგუფის მიერ მოძიებული დოკუმენტები და მტკიცებულებები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უკვე გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა სამმართველოს. უწყებამ მოკვლევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პარალელურად, საქმეს იკვლევს პროკურატურაც. 

დღის ამბები