17 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
მამა, რომელსაც 8 შვილი წლების განმავლობაში სახლში ჰყავდა ჩაკეტილი - დაკავებული ამირან დევნოზაშვილი ბრალს არ აღიარებს 

მამა, რომელსაც 8 შვილი წლების განმავლობაში სახლში ჩაკეტილი ყავდა, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ბრალდებულ ამირან დევნოზაშვილს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

სპეციალისტები მისი ფსიქიატრიული მდგომარეობის შესახებ დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ და მის სისხლის სამართლის საქმეს დაურთავენ. ამირან დევნოზაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შვილების მიმართ იძულების მუხლით დაიწყო. მამას სვანეთში წლების განმავლობაში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

47 წლის ამირან დევნოზაშვილს სამი ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი ქალიშვილი 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი 7-ის.  მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მამა ორი კვირის წინ დააკავეს, მისი მეუღლე და შვილები სახლს მაინც არ ტოვებენ. მათთან კონტაქტი უჭირთ სამართალდამცველებსა და სოციალურ მუშაკებს. ლენტეხში, დევნოზაშვილების ოჯახში დღეს საუბარი არც „კურიერის“ გადამღებ ჯგუფთან ისურვეს.

დევნოზაშვილების ოჯახის შესახებ მაყურებელმა პირველად 2 წლის წინ, „რუსთავი 2“- ის მიერ მომზადებული რეპორტაჟით შეიტყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება მხოლოდ განმეორებითი სიუჟეტის შემდეგ, 2018 წლის 29 იანვარს დაიწყო.

ამირან დევნოზაშვილი შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დააკავა, რაც იძულებას გულისხმობს და 18 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

 

 

დღის ამბები