ქურდული გარჩევა ტელეფონით და თურქეთში დაბარებული დაპირისპირებული მხარეები. ქურდული სამყაროს შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებიდან სამ თვეში კანონიერი ქურდისთვის მიმართვის გამო პირველი ბრალდებულები დააკავეს.
გამოძიება სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მოქალაქეებმა ფინანსური დავის გადასაწყვეტად კამათში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართეს.
თუმცა, კანონიერი ქურდისთვის მიმართვაში ბრალდებულის ოჯახის წევრი ამტკიცებს, რომ თენგიზ ხოფერია ვისთან კონტაქტის გამოც ის დასაჯეს, მისი შვილის ბავშვობის მეგობარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაუკავშირდა დავით გოგნაძე თურქეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს. საქმის მასალებით, გოგნაძეს ფინანსური დავა თორნიკე ბერძენიშვილთან ჰქონდა. გამოძიების ცნობით, თენგიზ ხოფერიას გარდა, საქმეში მეორე კანონიერი ქურდიც იყო ჩართული, რომელიც ბერძენიშვილის ინტერესებს ლობირებდა, თუმცა საბოლოოდ ე.წ. ქურდულ გარჩევაზე დავა დავით გოგნაძის სასარგებლოდ გადაწყდა.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისის თვიდან დავით გოგნაძეს თენგიზ ხოფერისათან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა. საკუთარი პრობლემის მოგვარების შემდეგ, გოგნაძემ ხოფერიას სხვების ფინანსური დავის გადაწყვეტა სთხოვა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დავა ხოფერიამ ქურდული გარჩევის გზით განიხილა. გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კი დავაში მონაწილე მხარეები თურქეთში დაიბარა.
თენგიზ ხოფერიას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მას ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან.