მილიონ 700 ათასი ლარის სახელფასო დანამატი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ბოლო არჩევნებზე მიიღეს. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 3-თვიან პერიოდში ეს თანხა 210 თანამშრომელზე განაწილდა.
თამარ ჟვანიამ მის მიერ მიღებული ამ ფინანსური გადაწყვეტილების საჭიროებაში სახელმწიფო აუდიტორების დარწმუნება ვერ შეძლო.
დაუსაბუთებლად გაცემული მილიონ 700 ათასი ლარის დანამატი, უწყების ფინანსურ დასკვნაში, ერთ-ერთი მთავარი შენიშვნაა.
სახელმწიფო აუდიტორები განმარტავენ, რომ კანონის მიხედვით, საარჩევნო პერიოდში ცესკო-ს აპარატისა და საოლქო კომისიების თანამშრომლებს ხელფასი უორმაგდებათ. მაგალითად, თუ დასაქმებულის ხელფასი 1000 ლარია, საარჩევნო პერიოდში ის 2000 ლარს იღებს. გასული წლის არჩევნებზე კი 210 თანამშრომელს თამარ ჟვანიამ 3 თვის განმავლობაში დამატებით კიდევ ორმაგი ხელფასის ოდენობის დანამატი მისცა.
30-გვერდიან დასკვნაში, სახელმწიფო აუდიტორებს ცესკო-სთან შენიშვნები მოუწესრიგებელი ფინანსური დოკუმენტაციის გამოც აქვთ.
ოპოზიციის ნაწილისთვის, ცესკო-ს 26 მილიონიანი სახელფასო ყულაბა ზედმეტად დიდია. თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა მის ბიუჯეტს არ შეესაბამება.
ცესკო-ს მუშაობასთან დაკავშირებით, შენიშვნები არ აქვთ მმართველი პარტიის ლიდერებს. თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებულია სახელმწიფო აუდიტორების შენიშვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
მიუხედავად ფინანსური შენიშვნებისა, აუდიტის სახელმწიფო სამსახური გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს.