17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ჭავჭავაძის 44 ნომერში ხეების მოჭრას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს

ჭავჭავაძის 44 ნომერში ერთ-ერთი კერძო კლინიკის ეზოში ხეების მოჭრას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მათი ვარაუდით, ამ ტერიტორიაზე მშენებლობა იგეგმება და ამის გამო მოიჭრა რამდენიმე ძირი ფიჭვი.

„სავარაუდოდ, ალბათ, მერიის რომელიმე თანამშრომელი უდგას ამას სათავეში და ის ხელმძღვანელობს ახალი კორპუსის მშენებლობას,“ - განცხადა ადგილობრივმა, თათა გაჩეჩილაძემ.

მერიაში კი განმარტავენ, რომ ხეები გეგმიური სამუშაოების ფარგლებში იჭრება, რადგან დედაქალაქში 20 ათასი ძირი ფიჭვია გამხმარი, რომელიც ახალი იტალიური ფიჭვით უნდა შეიცვალოს.

„დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინა საკომპენსაციო რგვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ის 5 იტალიურ ფიჭვს დარგავს იმავე ტერიტორიაზე, იგივე საკადასტრო ერთეულზე მის სანაცვლოდ,“ - განაცხადა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა.

ეს არგუმენტები არ არის სარწმუნო მოსახლეობისთვის, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ხეებს გამიზნულად აზიანებენ და ახმობენ. მათი თქმით, ამის არაერთი ფაქტი შეუმჩნევიათ.

დღის ამბები