17 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
რუსეთის სავიზო ცენტრი დღეიდან ფუნქციონირებას იწყებს - მომსახურება ფასიანია და 30 დოლარი ღირს

რუსეთის ვიზების სკანდალის შემდეგ თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება. ის მსურველებს ბესიკის ქუჩის 4 ნომერში დღეიდან მოემსახურება. მომსახურება ფასიანია და 30 დოლარი ღირს.

ცენტრის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საჯარო პრინციპი იმოქმედებს და მოქალაქეებს ისინი ყოველ სამუშაო დღეს მიიღებენ, შესულ დოკუმენტაციას კი რუსეთის ფედერაციის სექციაში გადააგზავნიან.

ცენტრში 16 ფანჯარა იქნება, რის მეშვეობითაც იმედოვნებენ, რომ დაჩქარდება და გამარტივდება ვიზების გაფორმების პროცედურა, ასევე შეიქმნება განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები.

„ეს ცენტრი არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც სურს ვიზის აღება. ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს კომფორტულ გარემოს, ჩვენთან შემოტანილი საბუთები გადაიგზავნება რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც გადაწყდება ვიზის გაცემის ან არგაცემის საკითხი. რაც შეეხება, მოუწესრიგებელ გარემოს, ჩვენთვის გარკვეული ფაქტები ცნობილია, თუმცა, მეტ დეტალზე ამ ეტაპზე, ვერ ვისაუბრებ,“ - განაცხადა სავიზო ცენტრის წარმომადგენლებმა.

ცენტრში მისული მოსახლეობა ამბობს, რომ რუსეთის ინტერესების სექციაში ცუდი პირობები იყო, რიგში დგომა დიდხანს უწევდათ და კორუფციის ფაქტებიც იკვეთებოდა.

რუსეთის ვიზების სკანდალთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „შაბათის კურიერში“ გასული ჟურნალისტური გამოძიების თაღლითობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს არიან თუ არა რუსეთის საკონსულოს თანამშრომლები ჩართული ვიზების უკანონო ვაჭრობის საქმეში.

რუსეთის ინტერესების სექციასთან დაუსრულებელ რიგებსა და შექმნილ ვითარებას რუსეთის საგარეო უწყება ქართველებს აბრალებს.

დღის ამბები