17 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
41 წლის მამაკაცი 5 პირს სასტიკად ცემაში, პოლიციას კი უყურადღებობაში ადანაშაულებს

ლენტეხის მკვიდრი 41 წლის ვიტალი ბენდელიანი პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გუშინ საღამოს ალკოჰოლური სასმელის შესაძენად მაღაზიაში შესვლის შემდეგ ხუთამდე პირი თავს დაესხა და სასტიკად სცემა.

დაზარალებულის განცხადებით, სავარაუდოდ, დანით დაჭრეს. მისი ინფორმაციით, მას თავის, ხელებისა და ფეხების არეში მრავალმხრივი დაზიანება აქვს მიყენებული.

ვიტალი ბენდელიანი, რომელიც ოზურგეთში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ერთ-ერთ საწარმოში მუშად მუშაობს, ირწმუნება, რომ ოზურგეთის პოლიციაში დახმარების თხოვნით მივიდა, მაგრამ იქ მხოლოდ ალკოჰოლის ტესტზე შეამოწმეს.

მისი თქმით, სამსაათიანი ლოდინის შემდეგ სამართალდამცველებმა სახლში ისე გაუშვეს, რომ არც დაუკითხავთ. 

დაზარალებული ირწმუნება, რომ ყველა თავდამსხმელს იცნობს, თუმცა ოზურგეთის პოლიცია საქმეს არ იძიებს.

ბენდელიანის ინფორმაციით, თავდამსხმელები პოლიციის მაღალჩინოსნების ახლობლები არიან.

პირები, რომლებსაც ბენდელიანი ასახელებს, "კურიერს" უყვებიან, რომ ის ნასვამი იყო და რამდენჯერმე წაიქცა.

დღის ამბები