სოფელ კაკაბეთში ადგილობრივი გლეხების აქცია იწყება. კახეთში ათეულობით ფერმერი დახმარებას და სახელმწიფოს ყურადღებას ითხოვს. გლეხები, რომლებმაც საზამთრო მოიყვანეს, ხილის რეალიზაციას ვეღარ ახდენენ.
ისინი ამბობენ, რომ ასეულობით ტონა საზამთროს გადაყრა მოუწევთ. მათი თქმით, რეალიზაციას საბაჟოზე შექმნილი ბარიერებიც აფერხებს.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ თითქმის ყველა მათგანს მიწები კრედიტებით აქვს დამუშავებული.
„ბანკის ვალი გვაქვს, როგორ უნდა გადავიხადოთ, 7 კაპიკად ვყიდით, 8 კაპიკად, 10 კაპიკად, არ იყიდება და რა ვუყოთ, ბაღები გასაჭრელი არის, შიგ გვიფუჭდება. დახმარებას თხოულობს ხალხი,“ - აცხადებს ერთ-ერთი ფერმერი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ნიტრატების შემცველობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
ფერმერები ამბობენ, რომ თუ დახმარებას სახელმწიფო ვერ აღმოუჩენს, ისინი აპირებენ კახეთის მთავარ გზატკეცილს გადაკეტავენ. მათი თქმით, საზამთროებით სავსე სატვირთო ავტომობილებს გაიტანენ მთავარ გზაზე და ადგილზე დაცლიან.