17 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
სასტუმრო „ველმონდი“ იგივე „ლეოგრანდი“ დაილუქა - უსაფრთხოების სისტემების მოსაწესრიგებლად მას დრო შემოდგომამდე მისცეს

სასტუმრო „ველმონდი“ იგივე „ლეოგრანდი“ დღეს დალუქეს. „ველმონდში“ სპეციალისტების შეფასებით, უსაფრთხოების მინიმალური ნორმებიც კი არ იყო დაცული.

ხარვეზების გამოსასწორებლად მათ დრო რამდენჯერმე მისცეს თუმცა, ადმინისტრაციამ დარღვევები არ გამოასწორა.

„ველმონდის“ დახურვა სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა. სასტუმროს სტუმრები არავის გაუფრთხილებია. ისინი ბათუმში სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილეს, რის გამოც დამსვენებლები უკმაყოფილებას არ მალავდნენ.

„ველმოდნი“ არ არის ერთადერთი სასტუმრო, სადაც სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. მთელი საქართველოში მასშტაბით სასტუმროების ნაწილში არ არსებობს ღია საევაკუაციო კიბე, საევაკუაციო გეგმა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.

მთელი საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 97 სასტუმრო შემოწმდა, მათგან 37 დაჯარიმდა. უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ჯარიმა 200 ლარის ნაცვლად უკვე 5000 ლარია.

სასტუმროების შემოწმების მომდევნო ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაჯარიმებული ობიექტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

შემოდგომამდე მიეცა ვადა სასტუმრო „ველმონდსაც,“ თუკი უსაფრთხოების სისტემებს მოაწესრიგებენ, მუშაობის უფლებას ისევ დაიბრუნებენ.

სწორედ სასტუმრო „ველმონდში,“ ყოფილ „ლეოგრანდში“ გასულ წელს ტრაგედია დატრიალდა. სახანძრო სისტემების გაუმართაობის მიზეზით ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები