17 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
4 ათასი ლარის ღირებულების საჩუქარში ახმეტის მერიამ 47 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის დასკვნის მიხედვით, თუშეთის მოსახლეობისთვის ოთხი ათასი ლარის სასაჩუქრე პაკეტის მიტანაში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ 10-ჯერ უფრო მეტი ფული დახარჯა,  ვიდრე ამ ვერტმფრენით თუშებისთვის ჩატანილ პროდუქტში გადაიხადა. მუნიციპალიტეტმა ვერტმფრენი 47 ათას ლარად დაიქირავა.

ოფიციალურ დოკუმენტში მაკონტროლებელი ორგანო ამტკიცებს, რომ მერიამ საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად გახარჯა.

2016 წლის 29 თებერვალს ვერტმფრენით 14-მა მგზავრმა - 7-მა ადგილობრივმა და მუნიციპალიტეტის 7-მა წარმომადგენლმა იმგზავრა, რისთვისაც 21 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა. ადგილობრივებს კი ამ მგზავრობისას 1300 ლარის ღირებულების საჩუქრები ჩაუტანეს.

2017 წლის 21 თებერვალს ადგილობრივების ნაცვლად, მიწვეულ სტუმრებთან ერთად გადაფრინდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ომალოში. 19 მგზავრის გადაფრენა, დაახლოებით, 25 ათასი ლარი დაჯდა.

ორივე ფრენისას თუშებისთვის გადაცემული საჩუქრებისთვის სულ 4 ათასი ლარი გადაიხადა, რისთვისაც ახმეტის მერიამ 47 ათასამდე დახარჯა.

სასაჩუქრე პაკეტში შედიოდა: 3,5 კგ შაქრის ფხვნილი, 5 კგ მაკარონი, 1 კგ კარამელი, ზეთი, 1,5 კგ შოკოლადი, 1 კგ ორცხობილა, 100 გრამ ნალექიანი და 100 გრამი უნალექო ყავა.

ვერტმფრენის მომსახურების ხარჯის გაზრდას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მაღალჩინოსნების თუშეთში ქეიფით ხსნის. მისი თქმით, გასული 5 წლის განმავლობაში ვერტმფრენით მომსახურებაზე 147 ათასამდე ლარია დახარჯული, ადგილობრივებისთვის მიწოდებული პროდუქტის ღირებულება კი 12-ჯერ ნაკლებია.

ახმეტის მერიაში ვერტმფრენის მომსახურებაში გადახდილ თანხას გაფლანგულად არ მიიჩნევენ.  

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები