პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ისევ გაუჩინარებულია. „პანტელენას“ რადარებიდან გაქრობის ძირითად ვერსიად მეკობრეების თავდასხმა სახელდება.
ტანკერი, რომლის კაპიტანიც საქართველოს მოქალაქეა, გაბონის სახელმწიფოს ლიბერვილის პორტში ნავთობით დატვირთული ტვირთის დასაცლელად მიემგზავრებოდა. დამსაქმებელ კომპანიაში, რომელმაც საქართველოს 17 მოქალაქე „პანტელენაზე“ სამუშაოდ გაუშვა, აცხადებენ, რომ გათიშულია ყველანაირი საკომუნიკაციო საშუალება, მათ შორის მეზღვაურების მობილური ტელეფონები.
გვინეის ყურეში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები დღის ბოლოს დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ტანკერთან კომუნიკაცია 14 აგვისტოს გამთენიისას გაწყდა. გემზე საქართველოს 17 მოქალაქესთან ერთად, რუსეთის 2 მოქალაქეც იმყოფება. „პანტელენას“ და მის ეკიპაჟს გაბონის სახელმწიფოს წყლების გარდა, რეგიონის საზღვაო ძალები მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზეც ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრიც. საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლების განმარტებით, „პანტელენას“ დაკარგვის შესახებ გაფრთხილებულია გვინეის ყურეში ამჟამად მყოფი ყველა მცურავი ობიექტი.
ქართველი მეზღვაურების გაუჩინარების ფაქტის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. „აფრიკა ტაიმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გვინეის ყურე გემებისთვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია. 2018 წლის პირველ 6 თვეში, გადამზიდავი გემების ეკიპაჟსა და მეკობრეებს შორის იქ 107 ინციდენტი მოხდა.