საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურასთან დაკავშირებით არჩევანის გასაკეთებლად თვეზე ნაკლები დრო რჩება.
მმართველი გუნდი კი პოზიციას არ ცვლის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე კვლავ უარს აცხადებს.
სამოქალაქო სექტორი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას დაელოდოს, როდესაც პრეზიდენტს ამ პროცესში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება და სავარაუდოდ მმართველი პარტიისთვის სასურველ კანდიდატს უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს.
სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლები, პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობენ.
„ალბათ დადგება შეჯამების და მეორე ეტაპის დრო, როდესაც ამ პრინციპების შესაბამისად წარდგება კონკრეტული სახელები და გვარები. ამ ეტაპზე არ გვყავს კანდიდატურები, მომავალში შესაძლოა ვიფიქროთ და გარკვეული შეთავაზებები გავუკეთოთ. არ იქნება კარგი თ არ შედგება კონსტრუქციული თანამშრომლობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის,“-განაცხადა ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა ლაშა ტუღუშმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს დღეს, „ევროპული საქართველოს“ წევრებთან გამართავს.