ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია"-ს წევრები დღეიდან პატრულირებას თრუსოს ხეობაშიც იწყებენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სოფელ კობში ქართულ სასაფლაოზე საოკუპაციო რეჟიმის დროშა აღმართეს და დანაღმეს.
მოძრაობის წევრების განცხადებით, ეს იყო პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ და მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ხეობაში კონტროლი გაძლიერდეს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ნამდვილად იყო აღმართული ე.წ. სამხრეთ ოსეთი დროშა, რომელზეც იყო გამობმული ხელყუმბარა, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მსგავსი პროვოკაციული ქმედებები არ არის გამორიცხული თრუსოს ხეობის სხვა სოფლებშიც. ჩვენი სამოქალაქო მონიტორინგი სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ მოვახდინოთ მსგავსი პროვოკაციული ქმედების პრევენცია,"-ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” წევრი, ჟურნალისტის ლაშა ბერულავა.
ორი დღის წინ სოფელ კობში ქართულ სასაფლაოზე ნაღმი იპოვეს,-დანაღმული სასაფლაოს შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია"-ს წევრებმა გაავრცელეს.
ნაღმის არსებობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.