უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კონკრეტულ კანდიდატებზე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის შეხვედრაზე იმსჯელებენ. მანამდე კი შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან იმართება.
მესამე სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა პროცესი იმდენად გამჭვირვალე იყოს, რომ პარლამენტმა დასახელებული კანდიდატისთვის უარის თქმა ვეღარ შეძლოს.
„ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ პრეზიდენტის მიერ წარმართული პროცესის გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კანდიდატის ლეგიტიმაციისთვის.
იმისთვის, რომ შემდგომში პარლამეტში განხილვის დროს კანდიდატს ჰქონდეს შესაბამისი რესურსი და პარლამენტს მარტივად არ შეეძლოს გვერდზე გადადოს ერთის მხრივ ამ თემის განხილვა და კანდიდატისთვის უარის თქმა, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენად უზრუნველყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სათანადო გამჭვირვალობასა და ჩართულობას ამ პროცესში“- ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფიო ვერძეული.