სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც საუბარია მოზარდებში სუიციდისა და თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტების კრიტიკულ ნიშნულამდე გაზრდაზე, განათლების სამინისტროში ეხმაურებიან.
უწყების ინფორმაციით, განათლების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუდმივად ახორციელებს ძალადობის პრევენციისთვის კონკრეტულ პროგრამებს.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით ბავშვთა სუიციდისა და თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტები 20 პროცენტით იყო გაზრდილი. მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში კიბერბულინგია.
"ვეთანხმებით სახალხო დამცველის რეკომენდაციას, როდესაც მსგავს ფაქტებს ვაშუქებთ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან სენსიტიური თემაა.
მნიშვნელოვანია ჩვენი მიმდინარე პროექტი, რომელიც არის დესტრუქციული ქცევების შესახებ, რომელსაც ვუტარებთ პედაგოგებს.
ამ ტრენინგის ფარგლებში ისინი მნიშვნელოვან საკითხებს ეცნობიან, ისეთებს როგორიცაა, როგორ უნდა ამოიცნონ სარისკო ნიშნები, რა უნდა გააკეთონ, ვის უნდა შეატყობინონ"- ამბობს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის სამმართველოს უფროსი თეონა ჩიტიაშვილი.