პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.
მაჩალიკაშვილი გომელაურის უწყებაში დღეს მესამედ გამოიკითხება. მას დაკითხვაზე შესვლის წინ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მაჩალიკაშვილის გამოკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებს.
მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორიზმის მხარდაჭერისა და დაფინანსების საქმეზე გამოჰკითხავენ, რაც მისივე თქმით გაუგებარია, რადგან ამ საქმეზე გამოძიება უკვე დასრულდა და სასამართლომ განაჩენიც გამოაცხადა.
დაცვის მხარისთვის გაუგებარია, რატომ არ დაიბარეს შვილმოკლული მამა ტერორიზმის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე და რატომ გახდა მისი გამოკითხვა საჭირო განაჩენის გამოტანის შემდეგ.
კუბლაშვილის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცდილობს საზოგადოებაში გააჩინოს აზრის, რომ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ტერორიზმთან კავშირშია.
„ყველა ინფორმაცია და ყველა დაბარება ერთობლიობაში ქმნის სურათს, რომ მიმდინარეობს გარკვეული მოქმედებები, დაუკავშირდეს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათთან კავშირებს, რათა საზოგადოების მხარდაჭერა არ მოხდეს,“ - განაცხადა კუბლაშვილმა.