ეფიქს ბიზნეს გრუპის დამფუძნებლების დაკავების შემდეგ თაღლითური სქემის დეტალებზე, დაზარალებულები ალაპარაკდნენ.
დაახლოებით 50 მოქალაქე, ვინც ათასობით დოლარი კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადარიცხა, ამბობს, რომ თანხა ბანკებიდან კრედიტის სახით აიღეს და მოგების მიზნით, ეფიქს ბიზნეს გრუპის წევრებთან შეთანხმებით კონკრეტულ ანგარიშებზე გადარიცხეს.
"ისინი რისკებს არ გვაცნობდნენ სათანადოდ და არის თაღლითური შემოთავაზებები. ჩვენ გვეგონა, რომ საერთაშორისო ბირჟაძე გადიოდნენ. არ გადიოდნენ საერთაშორისო ბირჟაზე და ისინი გვეთამაშებოდნენ თვითონ და თავად მანიპულირებდნენ პროგრამით. ხელშეკრულებაზე ხელი ბევრს არა აქვს მოწერილი," - ამბობს დაზარალებული ხათუნა ტაბატაძე.
დაკავებული დამფუძნებლების ადვოკატი კი აცხადებს, რომ ყველა პირმა, რომელსაც კავშირი ჰქონდა კომპანიასთან, დაზუსტებით იცოდა, რა საქმიანობას ეწეოდა კომპანია.
"ყოველგვარი განცხადება, რომ რომელიმე კლიენტთან მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ან მოტყუებით იქნა მიღებული თანხა, არათუ აბსურდულია, შინაარსს მოკლებულია. არცერთ შემთხვევაში არ ჰქონია სამართალდარღვევას ადგილი," - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, ზაზა ქაჩიბაია.
სამართალდამცველებმა ხუთი თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინეს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბროკერო კომპანია ეფიქს ბიზნეს გრუპის სამი დამფუძნებელია დაკავებული.