"იოსებ გოგაშვილის გადადგომა არ არის საკმარისი, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულისთვის, რაც სპეცოპერაციის ღამეს ჩაიდინა," - ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა, რომელიც დღეს სუს-ში მორიგ დაკითხვაზე 5 საათი იმყოფებოდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სწორედ გოგაშვილის გამო ჩაიშალა მათი დაგეგმილი ვიზიტი სტრასბურგშიც.
„გადადგომით ეს არაფერს არ ნიშნავს, გოგაშვილი უნდა დაისაჯოს იმ სასტიკი დანაშაულისთვის. ის უნდა დაისაჯოს, გომელაურიც უნდა დაისაჯოს. ჩემთვის მაგათი გადადგომა და გადაყენება არაფერს არ ნიშნავს იმიტომ, რომ მათ აქვთ ჩადენილი საუკუნის დანაშაული. მე კი ვიცი, რომ ეს საუკუნის დანაშაულია, ამას იძახის დღეს მთელი მსოფლიო. კონკრეტული კითხვებია, საიდან ვიცნობდი, თემირლანი როგორ მოხვდა მაგათთან, არეული კითხვებია, რომელსაც მე წყობიდან გამოვყავარ. დღეს საერთოდ ისლამში არის ყველაზე დიდი დღე. მიუხედავად ამისა, დილიდან საღამომდე რომ ამათ მიერ დახვრეტილ ჩემი შვილის საფლავზე ვყოფილიყავი, მომიწია ამ მკვლელებთან ერთად ერთი "კრიშის" ქვეშ ყოფნა,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
განცხადება გააკეთა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.
„რაიმე ახალი დეტალი, ახალი გარემოება, მტკიცებულება ან რაიმე სახის ახალი ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი და არ ყოფილა არანაირი კითხვა დასმული მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ. ყველა კითხვა უკავშირდება თემირლან მაჩალიკაშვილს, მის ცხოვრებას და საიდან გაიცნო ჩეჩენი ეროვნების ადამიანები,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მორიგ გამოკითხვაზე უსაფრთხოების სამსახურში მაჩალიკაშვილი 29 აგვისტოსაა დაბარებული.